ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
235
ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,
ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
ეგონა, თუ: „დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული“.
236
ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, -
ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;
ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;
ხმას სცემდეს კლდენი ქალისა...
