სირცხვილის აშორება
შუადღე იყო. დიდი სიცხე იდგა. მინდვრიდან სახლში მიდიოდა პატარა სანდრო. სიმშილიც ძლიერ აწუხებდა და წყურვილიცა. გზაზე მეზობლის ვენახში ღობესთან დაინახა წითლად დაკუნწლული ვაშლი. თვალი ზედ დარჩა, პირში ნერწვი მოუვიდა და კბილებმა კაწკაწი დაუწყო. ვაშლები თითქო უცინოდნენ სანდროსა, იწვევდნენ და ეუბნებოდნენ: ამოხტი, მოგვგლიჯე, ჩაგვკბიჩე და პირი ჩაიტკბარუნეო.
სანდრო ყოყმანობდა; სხვისი ვაშლის ქურდულად მოკრეფა ეძნელებოდა, ეთაკილებოდა; თავის დღეში ქურდობა არ ექმნა....
