სამოსელი პირველი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავი II
წაკუზულ ადამიანთა მობოდიალე ჯგრო სილაზე რაღაცის ამოკითხვას ამაოდ ცდილობდა, ორასნი იყვნენ. დუნედ მაძებარნი, ბლანტედ მოფუსფუსენი, ორად მოხრილნი, წელატკიებულნი, ოთხით დაიარებოდნენ და ხელები სილაში მაჯებამდე ეფლობოდათ, ხანდახან თავებით ეჯახებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერც გრძნობდნენ, ოეჰ, ამისთვის ვიღას ეცალა - მრისხანე ლეიტენანტი, ზედამხედველი ნავოლე, მცხუნვარე მზისგან თავდაღწეული, ფერად კარავში წამოწოლილიყო და იქიდან მკაცრად იმზირებოდა. კაპრალი ელიოდორო კი, დიდი, ჭრელი ქოლგით...
