სამოსელი პირველი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავი I
თითქმის მთლად აყრილ, მიტოვებულ სერტანას მშვიდად, გულგრილად, უქმად აწვიმდა.
შემოღობილში ნაღვლიანად მიმდგარიყო სისოვლით დაღარულბეწვიანი ნახირი, კუშტად, უგულოდ იცოხნებოდა, ჩამოძენძილი, დაბალი ღრუბლები ჩამოწოლილიყვნენ, ნაადრევი ბინდი უკვირდა ნასიამოვნებ ჭოტს, დიდ მუხაში რომ შეყუჟულიყო და იგივ ხის ფუღუროში ცოლშვილიანა მოკალათებულიყო რძით გაჭყეპილი ცალფეხა ჭინკა, სასი, და თუმცა ახლა, იმოდენა მიტოვებული ძროხების წყალობით, რძე და კარაქი სულ არ უჭირდა, მაინც...
