სამოსელი პირველი

გურამ დოჩანაშვილი

(55 ქულა/12 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

თავი III

ფერადი ამბები

ისინი დილაუთენია ამოვიდნენ სოფლად. წითელ-ყვითლად მოხატული ჩარდახიანი ურმით ამოვიდნენ და კოჭლმა ყმამ დაფლეთილ პირსახოცში ჩარგული თავი ასწია, გაიხედა და, აღტაცებულს, პირსახოცი დაძაბულ, მოკაუჭებულ თითებზე გადაფენილი შერჩა. ისინი კი მოდიოდნენ სატკაცუნებლებით, ამოდიოდნენ ეჟვნებისა და ზანზალაკების წკრიალით, საღებავებით აჭრელებულ ხარებსაც რქებზე უხვად ეკიდათ ეჟვანი, და ყმები ზემოდან დასცქეროდნენ, როგორ ამოდიოდა მიმოხვეულ აღმართში...