სამოსელი პირველი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავი I
ლტოლვილი მოვიდა
ჯერ კიდევ ძალიან ბნელოდა, მხოლოდ ერთგან, დასალიერზე, თითქოს ოდნავ გაბაცდა ცა. წვიმას ახლახან გადაეღო, წვეთები უხმაუროდ სხლტებოდა ერთი ფოთლიდან მეორეზე და აკანკალებული, გალუმპული, ერთიანად სმენად გადაქცეული ლტოლვილი ყურს უგდებდა ამ ილაჯგამოცლილ ჩქამს. ყოველნაირ ხმაურს აიტანდა იგი, გარდა ფლოქვების თქარათქურისა. წამდაუწუმ მდევარი ელანდებოდა და, ღონემიხდილი, ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა სველ ტოტებს. აქამდე ვერავინ შენიშნავდა, ისე გატრუნულიყო, ხე...
