პირველი კონცერტი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
აჩხოტელების ბატონი
1
დაბალ სკამზე ჩამომჯდარი შიოლა წარბშეჭმუხნილი დასცქეროდა სოხანეს. ბუხარში ცეცხლი ენთო, სინათლე დასთამაშებდა შიოლას სახეზე. სამი ვაჟკაცი ატუზულიყო დედაბოძთან, ხმაგაკმენდილნი, შიშითა და მოთმინებით უცდიდნენ მამის ალაპარაკებას. ისინიც შიოლასავით კუშტად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათი სახეები მაინც მორჩილებისა და ყველაფრისადმი მზადყოფნის უხეში ბეჭდით იყო დადაღული, შიოლა მიწას დასცქეროდა და მხოლოდ ამიტომ ბედავდნენ მამისაკენ თვალის გაპარებას. გაბრაზებული ჩანდა...
