კეჟერაძეები - ცალ-ცალკე და ერთად

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

მიხეილი და ალექსანდრე

1

ალექსანდრე ჯერ ხუთი წლისაც კი არ იყო, ყველა ნიჭიერს რომ ეძახდა. ბავშვმა არ იცოდა, რაში გამოიხატებოდა მისი ნიჭი. რატომღაც არ სიამოვნებდა, მოურიდებლად რომ აქებდნენ და სტუმრებს ემალებოდა. მხრებზე ტვირთად აწვა მახლობელთა ქება და იმედები.

ეს კი იყო, ალექსანდრეს ხატვა უყვარდა - ხეს ყავისფერი ტოტები ჰქონდა, ტოტებზე მწვანე ფოთლები ხარობდა. ზღვა ლურჯი იყო, წითელი გემიდან შავი ბოლი ამოდიოდა და ცაში იკარგებოდა. შავი თევზები გაბრტყელებულიყვნენ...